გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა შეშფოთება გამოხატა სირიის ხელისუფლების წარმომადგენელთა, განცხადების გამო, რომელიც გარე აგრესიის შემთხვევაში ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხებოდა.
"მე გულწრფეელად ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებას მიაქცევს ამას, რათა არაფერი მსგავსი არ მოხდეს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს აფრთხილებს. ობამას განცხადებით, ასადი დაუშვებს ტრაგიკულ შეცდომას, თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი ქმედების შემთხვევაში პასუხისმგებლობა პირადად ბაშარ ასადს დაეკისრება.
შეგახსენებთ, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯიჰად მაკდესმა განაცხადა, რომ ქიმიურ იარაღს მხოლოდ გარე აგრესიის შემთხვევაში გამოიყენებს. ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სირიის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა - ყოფილმა ელჩმა ერაყში, რომელიც ბაშარ ასადს განუდგა, განაცხადა, რომ არაა გამორიცხული დამასკო უკვე იყენებდეს ქიმიურ იარაღს ქვეეყნის ცალკეულ რეგიონებში.