სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ეთერ ყამარაულმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი Facebook-ის ქართული თამაშის - "მეღვინის" II ეტაპის სამ გამარჯვებულს პრიზები გადასცა.
I ადგილზე გასული კახა სირაძე ტურისტული კომპანია "Voyag.ge"-ისგან ლონდონში მოგზაურობის საგზურით დაჯილდოვდა; II ადგილზე გასულ სოფო ბარათაშვილს სასტუმრო-კომპლექსი "ანანური" უმანსპინძლებს (2 ადამიანზე); III ადგილზე გასული ვახო ასათიანი კომპანია Mgroup(HoReCa)-ისგან 4-კაციანი სადილით დასაჩუქრდა.
თამაში "მეღვინე" სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და კომპანიების - "ალდაგი ბისიაის", "ჯი პი აი ჰოლდინგის", "იმედი ელის", "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკის", "ლიბერთი ბანკის" და "საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის" მხარდაჭერით შეიქმნა. თამაში 21 მაისს დაიწყო და უკვე 20 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, სამი თვის განმავლობაში ონლაინთამაშს შეჯიბრის სახე ექნება, 3 ეტაპად გაგრძელდება და თითოეული ეტაპის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
"მეღვინე" მიზნად ისახავს საქართველოში მეღვინეობისა და ქართული უნიკალური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას.