ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე 23 ივლისს ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ყოველწლიურ მინისტერიალში. შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე, ასევე, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.
შეხვედრაზე მონაწილე მხარეები მიმოიხილავენ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე, დაგეგმილია ა.წ. 15 მაისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. „საგზაო რუქის" მიღება, რომელშიც დეტალურადაა წარმოდგენილი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები, მათი შესრულების ღონისძიებები, ინდიკატორები და მოსალოდნელი შედეგები.