ორი დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქი „თბილისის ლუდის ფესტივალს" უმასპინძლებს. როგორც დღეს ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე კომპანია „ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო სურმავამ აღნიშნა, წლევანდელი ლუდის ფესტივალი გასული წლის ფესტივალებისაგან საკმაოდ გამორჩეული იქნება და ფესტივალზე მისილ სტუმრებს ლუდთან ერთად სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ. სურმავას განმარტებით, "ნატახტარი" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფესტივალმა უფრო მეტი და მეტი ვიზიტორი მოიზიდოს. კომპანია „ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმარტავს, რომ "იმედი მაქვს, რომ „თბილისის ლუდის ფესტივალი" ტურისტებისათვის ერთ-ერთ მოსანახულებელ ადგილად აქცევა".
"წელს კომპანია "ნატახტარის" მიერ ორგანიზებული „თბილისის ლუდის ფესტივალი" უკვე მესამედ იმართება. ისევე როგორც შარშან წელს ფესტივალზე იქნება ბევრი ცოცხალი მუსიკა, სხვადასხვა სახის შეჯიბრებები. პრიზები და რაღათქმა უნდა ლუდი. წელს ფესტივალზე სიახლე არის ის, რომ ბარი არის 30 მეტრიანი და ასევე წელს მომსახურე პერსონალის რაოდენობა 2-ჯერაა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგები შემცირდება" - აღნიშნა „ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო სურმავამ.
ღონისძიების ორგანიზატორის სანდრო კაკულიას განმარტებით, დღეს, 16:00 საათზე ფესტივალს სიმბოლურად საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი ჯაბა ბრეგვაძე გახსნის, რომელიც სიმბოლურად ლუდის კასრს "დაამსხვრევს". აღნიშნული რიტუალის შესასრულებლად, შესაბამისი ინსტრუმენტი - ხის ჩაქუჩი- ჯაბა ბრეგვაძეს უკვე ოფიციალურად გადაეცა.
გასულ წელს, ფესტივალზე 25 ათასი ლიტრი ლუდი შეისვა, ხოლო წელს ორგანიზატორებს წინმსწრებად 40 ათასი ლიტრი ლუდი აქვს მომზადებული, თუმცა მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში ლუდზე დეფიციტი არ შეიქმნება.
"წელს ფესტივალი უკვე მესამედ იმართება და ის წელს განსაკუთრებულად მასშტაბური იქნება. ფესტივალზე წელს ყველაზე მეტი ლუდის ჩამომსხმელი აპარატი დაიდგმება. ლუდთან დაკავშირებით პრობლემა არავის არ შეექმნება. იმავდროულად არის ძალიან დატვირთული საკონცერტო პროგრამა. 2 დღის განმავლობაში დაუკრავს საკმაოდ ბევრი ცნობილი ბენდი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სიურპრიზი მომზადებული, წამყვანები დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაათამაშებენ სხვადასხვა სახის პრიზებს"- აღნიშნა სანდრო კაკულიამ.
პროგრამის მიხედვით, დღეს ფესტივალს, 23 საათზე ჯგუფი "მგზავრები" დახურავს, ხოლო ხვალ კი სალომე კორკოტაშვილი.
ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეჯიბრებები ლუდის სმაში და სხვადასხვა სახის აქტიობები, რომლის გამარჯვებულებიც "ნატახტარიდან" სხვადასხვა სახის ბრენდირებულ აქსესუარებს მიიღებენ.
როგორც ცნობილია, 21 და 22 ივლისს, ვარდების რევოლუციის მოედანზე, კომპანია „ნატახტარი" ყველაზე მასშტაბურ ლუდის ფესტივალს წარმოგიდგენთ, რომელიც, გასული წლების მსგავსად, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების ქართულმა ანალოგიმა, ტრადიციული სახე მიიღო. ის წელს უკვე მესამედ გაიმართება და მართლაც, ყველაზე ხალხმრავალი და გრანდიოზული იქნება მთელს სამხრეთ კავკასიაში.
„თბილისი ლუდის ფესტივალზე" დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია უამრავი გასართობი, საინტერესო და სახალისო ღონისძიებით. ფესტივალს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები გახსნიან. ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე, გაიმართება ცოცხალი კონცერტები ცნობილი ქართული ჯგუფებისა და მუსიკოსების მონაწილეობით. „მგზავრები", „ბანდეროლი", კორკოტა, Loudspeaker, დავით ილურიძის ბენდი, „ზარები", „ნალი" და „ზურგი" შეასრულებენ ყველასთვის საყვარელ სიმღერებს. მუსიკალურ საღამოს კი გიორგი ყიფშიძე წარუძღვება.
30 მეტრიან ბართან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ცივი ლუდი დააგემოვნონ, შეიძინონ ლუდის ფესტივალის აქსესუარები და გაატარონ სასიამოვნო დრო მეგობრებთან ერთად. ფესტივალს მოემსახურება 100-მდე პროფესიონალი მომსახურე პერსონალი. Tbilisi Beer Fest-ის მხარდამჭერი თბილისის მერიაა.