დღეს, 21 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში" (ვარდების რევოლუციის მოედანი) გაიმართება პრესკონფერენცია "თბილისის ლუდის ფესტივალის" გახსნასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ კომპანია "ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო სურმავა, ღონისძების ორგანიზატორი სანდრო კაკულია და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი ჯაბა ბრეგვაძე.
21 და 22 ივლისს ვარდების რევოლუციის მოედანზე კომპანია "ნატახტარი" ყველაზე მასშტაბურ ლუდის ფესტივალს წარმოადგენს, რომელიც, გასული წლების მსგავსად, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის ქვეყნებში გავრცელებული ფესტივალების ქართულმა ანალოგმა, ტრადიციული სახე მიიღო. ის წელს უკვე მესამედ გაიმართება და ყველაზე ხალხმრავალი და გრანდიოზული იქნება მთელ სამხრეთ კავკასიაში.
"თბილისი ლუდის ფესტივალზე" დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია უამრავი გასართობი, საინტერესო და სახალისო ღონისძიებით. ფესტივალს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები გახსნიან. ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე გაიმართება ცოცხალი კონცერტები ცნობილი ქართული ჯგუფებისა და მუსიკოსების მონაწილეობით. "მგზავრები", "ბანდეროლი", კორკოტა, Loudspeaker, დავით ილურიძის ბენდი, "ზარები", "ნალი" და "ზურგი" შეასრულებენ ყველასთვის საყვარელ სიმღერებს. მუსიკალურ საღამოს გიორგი ყიფშიძე წარუძღვება.
30-მეტრიან ბართან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ცივი ლუდი დააგემოვნონ, შეიძინონ ლუდის ფესტივალის აქსესუარები და გაატარონ სასიამოვნო დრო მეგობრებთან ერთად. ფესტივალს მოემსახურება 100-მდე პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.
Tbilisi Beer Fest-ის მხარდამჭერი თბილისის მერიაა.