ალავერდის ტაძარი საფრთხეშია. მონასტრის მღვდელმონაზონა იოსების ინფორმაციით, 19 ივლისის სტიქიის შედეგად ალავერდის მონასტრის ტერიტორია ორჯერ უკვე დაიტბორა და ტაძარი კიდევ ერთ დატბორვას ვეღარ გაუძლებს. ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ადიდა და, ტაძარსა და მდინარეს შორის აშენებულ გალავანზე გადავიდა და ეზოში შევარდა. მოვარდნილმა წყალმა მონასტრის მიმდებარედ წინა წელს აშენებული დამცავი დამბები ამოავსო და მონასტრის ტერიტორია დატბორა.
"საშიშროება თანდათან იზრდება. თუ ასე გაგრძელდა, ნატანი კალაპოტში აღარ დაეტევა და იმაზე უარესი მოხდება, რაც გუშინ იყო", - აცხადებს მონასტრის მღვდელმონაზონი.
მღვდელმონაზონის თქმით, მდინარის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს.
მე-11 საუკუნეში აგებულ უძველეს ალავერდის ტაძარს სტიქიამ სერიოზული საფრთხე გასული წლის გაზაფხულზეც შეუქმნა. ჰოლანდიის "პრინც კლაუსის ფონდმა" კომპლექსის გადასარჩენად 2011 წელს 30 ათასი ევრო გაიღო. ამ თანხით მონასტრის გარშემო მდინარის კალაპოტი გაღრმავდა და დამცავი დამბები მოეწყო.
ეს დამბები 19 ივლისის ღამით მომხდარმა სტიქიამ ქვა-ღორღით ისევ ამოავსო. სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად და სიტუაციის შესასწავლად ადგილზე სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები ჩავიდნენ. ისინი ალავერდში ერთი კვირა დარჩებიან. კომისიის შემადგენლობაში გეოლოგიც არის.