თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია საკრებულოს უმრავლესობის წევრის კოკი იონათამიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთიანი ქვითრის გაუქმების შემთხვევაში, ამ ფაქტს "ქრისტიან-დემოკრატები" მიესალმებიან.
ზაზა გაბუნია: "სასიამოვნოა თუ "ქრისტიან-დემოკრატების" და თბილისის მოსახლეობის 70%-ის მოთხოვნას ერთიანი ქვითრის გაუქმების თაობაზე, ხელისუფლება გაითვალისწინებს. "ქრისტიან-დემოკრატები" ვიყავით პირველები ვინც სასამართლო დავა და პოლიტიკური კამპანია წანმოვიწყეთ ერთიანი ქვითრის წინააღმდეგ და ახლაც ვიქნებით პირველები ვინც მხარს დაუჭერს ერთიანი ქვითრის გაუქმების საკითხს თუ საკრებულოს უმრავლესობა განცხადებიდან საქმეზე გადავა".
დეპუატატის განცხადებით, ცალკე საკითხია თავად ინიციატივა რომელიც მმართველი პარტიის წევრმა გაახმოვანა და რომლის თანახმად გადასახადის გადახდა საცხოვრებელის კვადრატულობის მიხედვით მოხდება. ზაზა გაბუნია: "გასარკვევია რამდენად შეუმცირებს გადასახადის ახალი ფორმულა კომუნალური ტარიფების ხარჯებს მოქალაქეებს. თუ აღნიშნული წესით გადახდა ნაკლებ გადასახადს დააკისრებს მოქალაქეს, ვიდრე ის ერთიანი ქვითრის პირობებში იხდიდა, მაშინ ქრისტიან-დემოკრატები მხარს დავუჭერთ ხსენებულ ინიციატივას".
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა კოკი იონათამიშვილმა, დღეს განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დასუფთავების გადასახადის ერთ-ერთი ინდიკატორი შესაძლოა მოხმარებული ელექტროენერგიის ნაცვლად საცხოვრებელი ფართი გახდეს.