კახეთის რეგიონში სტიქიისაგან დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს და მათი კრედიტების რესტრუქტურზაცუია მოხდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება დაუთმო იმ გეგმებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ჯიშებისა და ტექნოლოგიების შემოტანას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს ერთგვარი შვება იქნება იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც სტიქიამ მოსავალი სრულად გაუნადგურა.
პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ამ სფეროში უნდა დაინერგოს დაზღვევის სისტემა, რაც უკვე კარგად არის აპრობირებული განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი მოულოდნელი შემთხვევების შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას ემსახურება და, ამ მხრივ, მთავრობა სწორ გზას ადგას, რადგან უცხოელი ექსპერტების შეფასებით, სანიმუშო სამთავრობო პროგრამა გვაქვს.