"ქართული ოცნება" საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კახეთში კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატები იმყოფებიან და დაზარალებულ მოსახლეობას სათანადოდ დაეხმარებიან.
"კოალიციისა და ბიძინა ივანიშვილის სახელით, მინდა გითხრათ, რომ კოალიციაა მზადაა ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ მოსახლეობას - იქნება ეს მათი მკურნალობა თუ სხვა სახის კომპენსაცია", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზადაა ამ კუთხით ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.
"სამწუხაროა, რომ არსებული კანონმდებლობა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების საშუალებას აღარ აძლევს. კოალიციას ასევე შესაძლებლობა არ ეძლევა, გარდა ფიზიკური დახმარებისა, სხვა სახის დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ მოსახლეობას. ხელისუფლება თუ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს გამოიჩენს და ლეგალურ გზებს გვაჩვენებს, როგორ შეიძლება სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმაროთ, "ქართული ოცნება" მზადაა მონაწილეობის მისაღებად", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა კახეთის რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი.