"ყველამ სწრაფი, ავტონომიური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა კახეთში ყოფნისას და აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის სახურავები და გზები ერთ კვირაში აღდგება.
"პრაქტიკულად, მაქსიმუმ ხუთ დღეში, ერთ კვირაში ყველა სახლის სახურავი გაკეთებული იქნება და შევეცდებით, ყველა ტიპის მასალა კახეთში ჩამოვიტანოთ. დენს, გაზს აღვადგენთ, მაგრამ მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას უნდა მივხედოთ", _ განაცხადა მერაბიშვილმა
კახეთში ყოფნისას პრემიერი კახეთის რაიონის გამგებლებს შეხვდა და კონკრეტული დავალებები მისცა.
"არ დავიწყოთ ტრადიციული პროცედურების, შესყიდვებისა და ტენდერების გამოცხადება. გაძლევთ უფლებას, შესყიდვები დაჩქარებული პროცედურებით განახორციელოთ, რადგან საჩქაროდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ჩვენი მუშაობიდან მაქსიმალური სარგებელი მიღონ", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კახეთის გამგებლებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ სტიქიამ კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიის ზონაში დღეს დილიდან იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.