20 ივლისს, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯით ბრინკი მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართულ მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეთორმეტე ჯგუფის ფიცის დადების ცერემონიალში, რომელსაც დაესწრებიან ა.შ.შ-ს საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, აგრეთვე რეგიონალური და ადგილობრივი თანამდებობის პირები, მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მოხალისეები. ღონისძიება გაგრძელდება 12:00-დან 02:00 საათამდე. ღონისძიებაზე მოწვეულია პრესაც.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, მშვიდობის კორპუსი საქართველოში მოღვაწეობის მეთორმეტე წელს დაიწყებს 39 მოხალისის ფიცის დადებით. ეს არის 2008 წელს პროგრამის შეწყვეტის შემდეგ, მოხალისეთა რიგით მეოთხე ჯგუფი ხოლო პროგრამის დაარსებიდან რიგით მეთორმეტე ჯგუფი რომელიც იმსახურებს საქართველოში. ეს ჯგუფი შედგება 31 ინგლისური ენის მასწავლებელისა და რვა სოციალური მეწარმეობისა და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისეებისგან, რომელთაც წარმატებით დაასრულეს თერთმეტკვირიანი წინასამსახურეობრივი ტრეინინგი ქართული ენის, კოლტურის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. მოხალისეთა საქართველოში ადაპტაციის მიზნით, ტრეინინგის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ თელავის რაიონში ქართულ მასპინძელ ოჯახებში. მოხალისეები იმუშავებენ ინგლისურის სწავლების და ბიზნესისა და სოციალური განვითარების პროგრამის ფარგლებში აჭარის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში.
ა.შ.შ-ს მშვიდობის კორპუსი საქართველოში მოღვაწეობს საქართველოს მთავრობის თხოვნით და ემსახურება კვალიფიციური ადამიანური რესურსების მიწოდების გზით ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა ასევე ხელს უწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას. მშვიდობის კორპუსი არის ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ 1961 წელს მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით. მშვიდობის კორპუსის პროგრამა საქართველოში დაარსდა 2001 წელს და მეთორმეტე ჯგუფის ჩათვლით 476-მა მოხალისემ იმსახურა საქართველოში.
მშვიდობის კორპუსი მსოფლიოს უზიარებს ამერიკის ყველაზე ძვირფას რესურსს - საკუთარ ხალხს. მოხალისეები წარმოადგენენ ამერიკის სოციუმის მრავალფეროვნებას. 1961 წლის შემდეგ 200,000-მა ამერიკელმა მოხალისემ იმსახურა 139 ქვეყანაში. დღეს-დღეობით კი 9,095 მოხალისე მუშაობს ადგილობრივ თემებთან 75 მასპინძელ ქვეყანაში. მშვიდობის კორპუსის მოხალისე აუცილებელია იყოს ამერიკის მოქალაქე, ასაკით კი 18 წელს გადაცილებული. მშვიდობის კორპუსში მსახურება არის 27 თვიანი ვალდებულება და ორგანიზაციის მიზანია მშვიდობისა და მეგობრობის დამკვიდრება მსოფლიოში.