სირიაში სამთავრობო ძალებისა და ამბოხებულების შეტაკების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ამ მონაცემებში არ შედის გუშინ დამასკოში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა.
ევროპული მედიის ინფორმაციით, დამასკოში დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხელისუფლება და ამბოხებულები ორივე მხრიდან დაღუპულთა დიდ რაოდენობაზე საუბრობენ.
ოპოზიციის ინფორმაციით, სამთავრობო ძალები სირიის დედაქალაქში ტანკებსა და არტილერიას იყენებენ.
მათივე მონაცემებით, დამასკოს ტანკების კოლონა უახლოვდება.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა.
დაღუპლთა შორის 124 სამოქალაქო პირია, 62 სამთავრობო ჯარების მოსამსახურე და 28 ამბოხებული. მხოლოდ დამასკოში 38 ადამიანია დაღუპული.