უკრაინა დიდი მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებს და მზადაა სახელმწიფოში პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში ხელი შეუწყოს, კერძოდ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში. განცხადება ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ოლეგ ვოლოშინმა გააკეთა.
"სწორედ ამ ფორმატში შესაძლებელია იმ კონფლიქტური საკითხების დარეგულირების გზების მონახვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს",_ განაცხადა ვოლოშინმა.
მისი თქმით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა "ნდობის აღდგენისა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის".
"ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ისევე როგორც რუსეთი და გვინდა, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და ნდობა მეფობდეს. უკრაინა მზადაა, ამას ყველანაირად შეუწყოს ხელი", _ აცხადებს დიპლომატი.
მისი თქმით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია რამდენიმე წელი ჯეროვან აქტიურობას ვერ ავლენდა. თუმცა ბოლო ორი წლის განმალობაში რეგულარულად იყო მცდელობები რეფორმირებული ყოფილიყო ამ ორგზანიზაციის საქმიანობა, კერძოდ უკრაინული მხარის ძალისხმევით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედს იტოვებენ, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია "აღადგენს იმ ეფექტურობას, რომლის იმედიც ყველას ჰქონდა ამ ორგანიზაციის დაფუძნებისას", - აცხადებს ვოლოშინი.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია სუბრეგიონალური გაერთიანებაა და შავი ზღვის აუზის 12 ქვეყანას (აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, სომხეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა) აერთიანებს. ორგანიზაცია ეკონომიკური თანამშრომლობისთვის შეიმქნა. მისი შტაბბინა სტამბულშია.