"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები მაგდა ანიკაშვილი და გიორგი რუხაძე ეუთოს უმაღლეს კომისარს, ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მხარეებმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, წინსაარჩევნო გარემო და ამ პროცესში ეუთოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების როლი განიხილეს. "ქრისტიან-დემოკრატებმა" ვოლბეკს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატების ხედვა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით.
"ქრისტიან-დემოკრატები ვართ ერთადერთი პარტია საქართველოში,რომელიც საკუთარ გაზეთს ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოსცემს, რაც პირდაპირი მანიშნებელია იმისა,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეროვნული უმცირესობების აქტიური ინტეგრაცია ქვეყნის საზოგაოდებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც კონსერვატიული იდეოლგიის მქონე პოლიტიკური ძალა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მხოლოდ ქართული,არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა", - განაცხადა რუხაძემ.