როგორც ბათუმის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ვაჟა ვერულიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა ბოლო პერიოდში, საეჭვოდ იზრდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე მეტი ოდენობის სპეციალური ტრანსფერის სახით გამოყოფილი სახსრების მოცულობა. ვერულიძის ინფორმაციით ქალაქის ბიუჯეტი ამჯერად დამატებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვისაა გაათვალისწინებული. მისივე განცხადებით წლის დასაწყისიდან სპეციალური ტრანსფერის სიდიდე გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით 4 მილიონი ლარით გაიზარდა, მაშინ როცა წინა წლებში ასეთი პრაქტიკა არ შეინიშნებოდა. გარდა ამისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მაისის თვეში ბათუმის ბიუჯეტში გრანტის სახით გადმოირიცხა გეგმით გაუთვალისწინებული 7 მილიონ 767 ათასი ლარი.
„ჩვენ „ქრისტიან-დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ ბათუმის ბიუჯეტის პრიორიტეტების უმეტესი ნაწილი არ გამომდინარეობს ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. მარტივად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ნათელი მაგალითი." - განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას ვაჟა ვერულიძემ.
მისივე თქმით მაშინ, როცა ქვეყანაში იქმნება დასაქმების მინისტრის სამსახური, სასურველია ქალაქის ბიუჯტში გათვალისწინებული იყოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებული სახსრები, რაც მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერასა და წახალისებას გულისხმობს, რაც კანონის დონეზე რეგულირდება.
მასალის გამოყენების პირობები