რომში სტრატეგიული გადაწყვეტილების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 29-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, საქართველოდან სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე. კონფერენციას პატრონაჟს უწევენ იტალიის პრეზიდენტი ჯორჯიო ნაპოლიტანო და იტალიის თავდაცვის მინისტრი ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლა. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს მასშტაბით მოწვეული მინისტრები და პარლამენტის წევრები.
კონფერენციაზე გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა და აღნიშნა, რომ ომის წარმოების ისტორიაში პირველად-2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს კონვენციური ომის მეთოდების პარალელურად, რუსეთმა გამოიყენა კიბერ ომის წარმოების მეთოდები, რათა ერთის მხრივ, განეხორციელებინა საქართველოს თავდაცვის, სახელისუფლებო, ეკონომიკური და სხვა ინფრასტრუქტურის პარალიზება და მეორეს მხრივ, საქართველოს პოლიტიკური იზოლაციის მიზნით მოეხდინა საქართველოს იზოლირება საერთაშორისო საინფორმაციო სივრცისაგან.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე აქტიურად თანაშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კიბერ სივრცის უსაფრთხოების კუთხით, ასევე კიბერ უსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ნატო-სთან ურთიერთობაში.
გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და აღნიშნა, რომ რუსეთი ნაცვლად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა, კვლავ აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას. გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტი დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა აიძულოს რუსეთი გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს ქვეყნის დემოკრატიულ, თანამედროვე სახელმწიფოდ ტრანსფორმაციას და თანმიმდევრულად მიიწევს წინ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რისი ნათელი დადასტურებაც იყო ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი. დემოკრატიული საქართველო ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და წვლილს შეიტანს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრა გამართა მონტენეგროს თავდაცვის მინისტრთან მილისა პეჯანოვიჩ-დურისიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე რეფორმები და ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებთან მიმართებით, ასევე თავდაცვის კუთხით.
გიორგი ბარამიძემ, ასევე, შეხვედრა გამართა ნატო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივ წარმომადგენელთან მარიოტ ლესლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, ჩიკაგოს სამიტის შედეგები და საქართველოში წარმატებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესი. გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებულმა განცხადებებმა ახალი დინამიკა შესძინა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. გიორგი ბარამიძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის საფუძველზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროება.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი ბარამიძის სხვა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.