"პროკრედიტ ბანკის" დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებია. ბანკის ინფორმაციით, ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მაია მერედოვას საშა ტერნესი შეცვლის.
ბანკის ინფორმაციით, მაია მერედოვა თითქმის ექვსი წელია რაც ბანკის მენეჯმენტში მუშაობს, აქედან ბოლო ორი წლის განმავლობაში გენერალური დირექტორის პოზიციაზე. მან უდიდესი წვლილი შეიტანა კომპანიის წარმატებაში. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში პროკრედიტ ბანკმა მყარად დაიმკვიდრა მესამე უმსხილესი ბანკის პოზიცია ქვეყნის საბანკო სივრცეში.
Dr. h.c. საშა ტერნესთან (გენერალური დირექტორი) და ქეთევან ხუსკივაძესთან ერთად (დირექტორი), ქეთევან ბურდული დაინიშნა ბანკის მესამე დირექტორად (ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებას). ქეთევან ბურდულმა თავისი კარიერა "პროკრედიტში" რვა წლის წინ ბანკის საკრედიტო განყოფილებაში მუშაობით დაიწყო და 2010 წელს სათავეში ჩაუდგა მცირე ბიზნესის სამმართველოს.
ამას გარდა, ბანკის ექვსივე სამმართველოს უფროსი შევიდა გაფართოებული მენეჯმენტის გუნდში, რომელიც დირექტორების ჩათვლით 9 წევრისგან შედგება. ეს ნაბიჯი გადაიდგა ბანკის გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად, რათა გაიზარდოს მართვის უნარი და ამავდროულად თანდათან შემცირდეს უცხოელი მენეჯერების რიცხვი.
უახლოესი თვეების განმავლობაში მენეჯმენტის გუნდი კონცენტრირებული იქნება რამდენიმე მსხვილი პროექტის სისრულეში მოყვანაზე. კერძოდ. დაასრულებს ახალი სათავო ოფისის მშენებლობას, გაარემონტებს არსებულ ფილიალებს, გახსნის ახალ ფილიალებსა და სერვის ცენტრებს თბილისსა და რეგიონებში, კლიენტთა მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დანერგავს ახალ პროდუქტებს, როგორიცაა „ენერგო ეფექტურობის სესხი" და ახალი „შემნახველი ანგარიში".
„ხუთ წელიწადზე მეტია რაც პროკრედიტ ბანკი, საქართველოს მენეჯმენტის წევრი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ასეთ გამორჩეულ ორგანიზაციას. ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერით, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეფექტურად წავუძღვე ბანკს თავისი მიზნებისა და მისიების განსახორციელებლად, რათა უზრუნველვყოთ საიმედო და სოციალურად პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურება ჩვენი აქციონერის მოლოდინის სრულ შესაბამისობაში."- აცხადებს პროკრედიტ ბანკის, საქართველოს გენერალური დირექტორი: Dr. h.c. საშა ტერნესი.
„პროკრედიტ ბანკ, საქართველოში გატარებული ბოლო ექვსი წელი ჩემთვის უზარმაზარი გამოცდილებაა. მე მეამაყება რასაც მივაღწიეთ. ახლა დროა გადავცე ჩემი მოვალეობები გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდს, რომელთა ჩამოყალიბებაზეც ვზრუნავდით მთელი ამ წლების განმავლობაში. მოუთმენლად ველოდები ახალ პროფესიულ გამოწვევებს და ჩემს კოლეგებს და ბანკს დიდ წარმატებებს ვუსურვებ ".-განაცხადა მარა მერედოვამ
„ცვლილებები ბანკის მმართველობით სტრუქტურაში დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. კომპანიის მენეჯერული კომპეტენციის გაფართოება პროკრედიტ ბანკ, საქართველოს განვითარების მნიშვნელოვან დონეზე მეტყველებს. ყველა ახლად დაწინაურებულ ადგილობრივ მენეჯერს გავლილი აქვს ტრენინგები ჩვენს საერთაშორისო აკადემიებში მაკედონიასა და გერმანიაში, სადაც მათ გამოხატეს თავიანთი ერთგულება ეთიკური და განვითარებაზე ორიენტირებული საბანკო მომსახურებისადმი. სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო მაიას პროკრედიტში ექვსი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისა და ერთგულებისათვის, ხოლო ახალ მენეჯმენტს ვუსურვო ყოველივე საუკეთესო ჩვენი ბანკის შემდგომი განვითარებისათვის."- აღნიშნა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფილიპ პოტმა