"თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია 1 ივლისიდან, მგზავრთა კომფორტულად გადაადგილების მიზნით, აქტიურად ახორციელებს სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების სისტემის გამართულ მუშაობაზე მონიტორინგს. ყოველდღიურად მოწმდება ქალაქში არსებული თითოეული სამარშრუტო ტაქსი, _ ნათქვამია განცხადებაში სადაც აღნიშნულია, რომ გაფრთხილების მიუხედავად მძღოლები დაწესებულ ნორმებს არღვევენ.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები, კომპანიის გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად არ რთავენ კონდიცირების სისტემას, რაც მგზავრების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად აკონტროლებდა მანქანებში კონდიცირების სისტემის გამართულად მუშაობას. გარკვეულ ხაზებზე აღმოჩენილი იქნა დარღვევები და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ის მძღოლი (ამ ეტაპზე ასეთი არის 42 მძღოლი), რომელიც არ ემორჩილება შინაგანაწესს და არღვევს კომპანიის მოთხოვნას 10 დღის განმავლობაში აღარ იმუშავებს ყვითელ მიკროავტობუსზე. ხოლო თუ შემდეგ კვლავ განმეორდება მსგავსი სახის დარღვევა, კომპანიის მიერ გაგრძელდება სხვა და სახვა სახის სანქციები, მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტა და ა.შ, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია დღეს "თბილისის მიკროავრობუსის" ხელმძღვანელმა პირადად გააცნო მძღოლებს და თხოვნით მიმართა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც მგზავრების კომფორტულად გადააგილებისთვის არის საჭირო.