შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი წყალტუბოში, იმერეთის რეგიონის სოფლის ექიმებს შეხვდა. შეხვედრას 175 სოფლის ამბულატორიის ექიმი ესწრებოდა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ექიმებთან ერთად რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოში ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნაზე, დაზღვეული მოქალაქეების წრის გაფართოებასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარებაა. მინისტრის განცხადებით, შეიქმნება ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური მექანიზმი, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეპუტაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. იმერეთის რეგიონის სოფლის ექიმებმა ჯანდაცვის მინისტრს მათთვის აქტუალური და პრობლემატური საკითხები გააცნეს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიკოსებს არსებული სირთულეების გადალახვის საკუთარი ხედვა გააცნო და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.