თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, დავით და კატო ტაბატაძეების სასარჩელო განცხადება - მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების, მათ შორის უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 27 ივლისის და 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისას, სრულყოფილად არ მომხდარა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.