თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, ამირან არჩვაძის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირის ნუგზარ ქაფიანიძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მხარეებს შორის დავის საგანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე რეგისტრაციის განხორციელება წარმოადგენდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის მოთხოვნაზე შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება, სრულყოფილად არ მომხდარა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.