თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჩიტო გოიევის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, ქ.თბილისის მერიის და მესამე პირების - ცისანა გოიევასა და ვასილ გოგნიაშვილის მიმართ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის 2011 წლის 24 ნოემბრის განკარგულება, ასევე სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2011 წლის 31 მარტის განკარგულება და ამავე რაიონის გამგეობის მიერ 2011 წლის 31 მარტს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ, უძრავი ნივთის პრივატიზაციის შესახებ 2011 წლის 31 მარტის №427 განკარგულების მიღებისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა სრულყოფილად არ მომხდარა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავი ნივთის პრივატიზების თაობაზე.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.