"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას კახელი გლეხების დაუყოვნებლივ დახმარებისკენ მოუწოდებენ . ამასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, კახელ გლეხებს ატმის უხვმა მოსავალმა პრობლემები შეუქმნა, რადგან ისინი რეალიზაციას დაბალ ფასადაც კი ვერ ახერხებენ. ახვლედიანის განმარტებით, პრობლემის მოგვარების შესახებ პრემიერ-მინისტრის დაპირებები დაგვიანებულია.
როგორც გიორგი ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა იმისათვის, რომ მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა ხელისუფლებამ ცენტრალური ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით უნდა გამოყოს თანხები და მოხდეს გლეხებისგან ატმის შეძენა რომლის რეალიზაციასაც სახელმწიფო უკვე თავად მოახდენს.
"ვანო მერაბიშვილის დაპირებები და ინიციატივები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად დაგვიანებული იქნება და წლევანდელ მოსავალს ვერ უშველის, ამიტომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია უახლოეს დღეებში ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდეს სუბსიდირება თანხების გამოყოფა იმისათვის რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ამ ატამის ჩაბარება და შემდგომ მისი რეალიზაცია"- განაცხადა ახვლედიანმა.