ენერგეტიკის სამინისტროში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზემო მტკვრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელების მიზნით ინტერესთა მიღება დაიწყო.
წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე განაცხადების მიღება 2010 წლის 28 აპრილის დასრულდება, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდება.
„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი იქნება საქართველოსთვის ყოველი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ექსპორტის პოტენციალს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე", _ განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ანგარიში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, ქართული კომპანია "გროს- ენერჯი ჯგუფისა" და ნორვეგიული "Pოყრყ Hყდროპოწერ Eნგინეერინგ"-ის მიერ არის მომზადებული, ითვალისწინებს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადის მშენებლობას ჯამური დადგმული სიმძლავრით 137-219 მგვტ და ელექტროენერგიის წლიური საშუალო გამომუშავებით 714-1205 გვტ.სთ. წინასწარი შეფასებით პროექტის ღირებულება შეადგენს 410-604 მილიონ აშშ დოლარს.
სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშისა და გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების შემდეგ, ინტერსთა გამოხატვაში გამარჯვებული მონაწილე მოიპოვებს ზემო მტკვარის სადგურების პროექტის განხორციელების, მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის უფლებას.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ექსპლუატაციის მთლიან პერიოდში ყოველი წლის ზამთრის სეზონზე მოახდინოს ზემო მტკვარის სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რეალიზაცია ნებისმიერ მყიდველზე საქართველოში. დარჩენილი ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება თურქეთში ახალი გადამცემი ხაზის (400/500 კვ) მეშვეობით, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია.