აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილება უკრაინასთან დაკავშირებით სულ უფრო შესამჩნევი ხდება, რაც უკრაინულ მხარეს იმედს აძლევს, ტრამპი რუსეთთან უფრო მკაცრ მიდგომას გამოიჩენს, რათა მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპის უკრაინის მიმართ უფრო კეთილგანწყობის ერთ-ერთი მიზეზი ალასკაში კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან მისი ერთობლივი სამიტი იყო.
წყაროების თქმით, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისადმი პოზიციის ცვლილება სწორედ ალასკაში რუსეთისა და ამერიკელი ლიდერების შეხვედრამ განაპირობა.
გამოცემა იხსენებს, რომ ტრამპმა პუტინი ალასკაში თბილად მიიღო და მისთვის წითელი ხალიჩა გაშალა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია მისი ბრძანებით ყოველდღიურად სჩადის ომის დანაშაულებს უკრაინაში.
პუტინს შეერთებულ შტატებში მეგობრად და არა სუვერენულ ევროპულ ქვეყანაში შეჭრილი სახელმწიფოს ლიდერად შეხვდნენ და ეს ყველაფერი რაიმე მნიშვნელოვან დათმობაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე წინასწარი დათანხმების გარეშე მოხდა.
რუსეთის ლიდერმა ანკორიჯი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების გარეშე დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ათასობით სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა.
ერთ-ერთი რესპუბლიკელი ინსაიდერის თქმით, ალასკაში შეხვედრის შემდეგ პუტინმა არ გამოხატა არანაირი სურვილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე დარტყმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტრამპის პოზიციის შეცვლაში.
„ტრამპს დრო სჭირდებოდა იმის გასაგებად, თუ ვინ არის სინამდვილეში პუტინი“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.
მან ასევე თქვა, რომ ტრამპი გააღიზიანა მედიაში სამიტის გაშუქებამ, რომელმაც მას „პუტინის ტრიუმფი“ უწოდა.
წყაროს თქმით, ტრამპის აზრით, პუტინისთვის სამაგიეროს გადახდა სწორედ უკრაინის პრეზიდენტის ქება იქნება.
გარდა ამისა, 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ევროპელი ლიდერები აქტიურად ცდილობდნენ ზელენსკისა და ტრამპს შორის ურთიერთობის დალაგებას, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
ასევე წერს, რომ გავლენა იქონია მეფე ჩარლზის სიტყვებმაც.
„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ომის დასაწყისში ზელენსკი და ერმაკი მიეჩვივნენ, რომ მათ ექცეოდნენ ისე, როგორც როკ ვარსკვლავებს, მსოფლიო სახეებს. უცებ ჩნდება ტრამპი და ამბობს, რომ აქ მხოლოდ ერთი „დივაა“ და ეს მე ვარ. სწორედ ამიტომ მოხდა ეს შელაპარაკება თეთრ სახლში“, - აღნიშნა წყარომ.