დღეს, 13 ივლისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართს მოიხსენიებენ, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა -
პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი,
იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი - უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრეპავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.
ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.