ნოდარ ჯავახიშვილი ბანკ ,,ქართუს" პრეზიდენტობის პოსტიდან გადააყენეს, _ აღნიშნულის შესახებ ჯავახიშვილმა ,,მაესტროს" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ბრძოლა ,,საკუთრების სიწმინდის დასაცავად გაგრძელდება". პარალელურად, ჯავახიშვილი ,,ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტობის პოსტიდანაც გათავისუფლებულია.
,,ახლ მმართველს ველოდებოდით, მაგრამ არ გამოჩენილია. ფოსტით მოგვივიდა სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები სხდომის ოქმებზე, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლებული ვარ ,,ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის პოსტიდან და განთავისუფლებულია და მთელი დირექტორატი ბანკ ,,ქართუში", _ განაცხადა ჯავახიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში დირექტორატის წარმომადგენლები ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან შემოთავაზებას აუცილებლად მიიღებენ.
,,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ, დირექტორატის წევრებს შემოთავაზებები არ ექნებათ, რადგან წარმოუდგენელია ბანკიდან ყველა სერიოზული პერსონა გაათავისუფლო და სერიოზული წყვეტის გარეშე განაგრძო მართვა", - განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ ბრძოლა სამართლიანობის გაგრძელდება.
,,შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ დაამთავრა ,,ქართუ" ჯგუფისა და ,,ქართუ" ბანკის წინააღმდეგ ცხრათვიანი ბრძოლის ეპოპეა. თუმცა ბრძოლა საკუთრების სიწმინდისათვის გაგრძელდება და ამას უფრო აქტიურად გააგრძელებენ ჩვენი დამფუძნებლები", _ განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა ,,მაესტროს" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%-ისა და პროგრეს ბანკის აქციათა 21.71%-ის იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.