გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "თრიალეთი" განცხადებას ავრცელებს.
მათი განცხადებით, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში კოალიაცია "ქართული ოცნების" ლიდერების დევნილებთან შეხვდრის გადასაღებად მისულ "თრიალეთის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე მობილიზებულმა ბადრი ბასიშვილის "ზონდერბრიგადებმა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა პროფესიული საქმინაობის შესრულების საშუალება არ მისცეს".
"ერთ-ერთმა ქალბატონმა "თრიალეთის" ჟურნალისტს მიკროფონი დაუმტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტების დარბევაში მონაწილეობდნენ პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ზონდერ ბრიგადების წევრები და ადგილობრივი მამასახლისები. ესენი არიან: გიგი გოჩაშვილი, ვანო მიდოდაშვილი, ლევან მაისურაძე, ბესო კახნიაშვილი, აქვე დაფიქსირდა პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ავტომანქანაც", - აღნიშნავენ ისინი და დასძენენ, რომ ეს არ არის "თრიალეთის" ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის პირველი შემთხვევა.
"ჟურნალისტებზე თავდასხმის და პრფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ხაშურის რაიონში დაფიქსირდა, რის გამოც ჩვენ მივმართეთ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურას, თუმცა საქმე დღემდე გამოძიებული არ არის", - ნათქვამია "თრიალეთის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.