საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ჯი-ეიჩ-ენი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება არღვევს კონსტიტუციით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ„ საქართველოს კანონითა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციით განსაზღვრულ მთელ რიგ უფლებებს.
ზემოაღნიშნული აქტი წარმოადგენს გაუმართლებელ სახელმწიფო ჩარევას შ.პ.ს. „სტუდია მაესტროს„ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მასმედიის (24-ე მუხლის მე-2 პუნქტი), ინფორმაციისა (24-ე მუხლის პირველი პუნქტი) და აზრის გავრცელების (მე-19 და 24-ე მუხლები) თავისუფლებებში. კომუნიკაციის აღნიშნული ძირითადი უფლებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისათვის, რადგან ისინი ხელს უწყობენ სხვადასხვა ინფორმაციის მოქალაქეებისათვის მიწოდებას, საჯარო დებატების გამართვას, ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტების გავრცელებას, რაც თავის მხრივ მოქალაქეების ობიექტური აზრის ფორმირების საფუძველს წარმოადგენს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრისა თუ ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა მან მრავალმხრივ გაანალიზოს სიტუაცია და გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ამდენად, კომუნიკაცის უფლებების ხელყოფა ზიანს აყენებს დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში.
დარღვეულია, ასევე, „სტუდია მაესტროს„ საკუთრებისა(21-ე მუხლის პირველი პუნქტი), თავისუფალი მეწარმეობის, კონკურენციისა (30-ე მუხლის მე-2 პუნქტი) და თანასწორობის (მე-14 მუხლი) უფლებები.
პროკურატურისა და სასამართლოს ქმედებები გაუმართლებლად ზღუდავს, ასევე, „სტუდია მაესტროს„ სატელიტური ანტენების პოტენციურ მიმღებთა ინფორმაციის მიღებისა (24-ე მუხლის პირველი პუნქტი) და თავისუფალი არჩევნის (28-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება) უფლებებს.
ამასთანავე, აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ„ საქართველოს კანონის მთელ რიგ ნორმებს.
დარღვეულია, ასევე, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებები), რომელთაც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უდიდეს მნიშვნელობა ენიჭებათ დემოკრატიის განვითარებისათვის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება ეწინააღმდეგება როგორც -სამართლებრივ ნორმებს, ასევე, ევროსაბჭოს კონვენციის ფუნდამენტურ უფლებებს. ის ხელს უშლის თავისუფალი მასმედიის საქმიანობას, რაც ნეგატიურად აისახება საარჩევნო პროცესზე. ეს უკანასკნელი კი, საბოლოო ჯამში, ხელს შეუშლის დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში.