,,შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი", _ აღნიშნულის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.
ამასთან უწმინდესმა დაპირისპირებულ მხარეებს, მოუწოდა წინასაარჩენო პერიოდში ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს შესახებაც ესაუბრა და ბრძანა, რომ წმინდა მოციქულები ერთმანეთის მტრები იყვნენ, თუმცა ორივე მათგანი ეძიებდა ჭეშმარიტებას. წმინდა პავლე მოციქული მართლმადიდებლობაში მისვლამდე მართლმადიდებლებს დევნიდა. იგი უფალმა სასწაულებრივად მოაქცია, რადგან იცოდა,რომ დიდი მოღვაწე გახდებოდა.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლული ეკლესია დღეს წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე, სხვა მოციქულთა შორის, თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან. ამიტომ ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც "თავთა მოციქულთა". ისინი სხვადასხვა გზით მივიდნენ ქრისტესთან. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთგვარი სულიერი მსგავსებაა. ისინი ერთდრულად, იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ. წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.