სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები.
გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოსათვის ყადაღის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე.
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.