არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ჯანდაცვის მინისტრსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს და ითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ტუბერკულიოზის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტის დაუყოვნებელი ჩართვა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.
,,42-ე მუხლს" 10 ივლისს დახმარებისათვის მომართა გარიკ მელიქიანმა, რომელიც ორივე ფილტვის ტუბერკულოზის მძიმე ფორმითაა დაავადებული. მას ყოველდღიურად ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმების დახმარება. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
მელიქიანმა დახმარებისათვის მიმართა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს მისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა, ცენტრმა მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის საქართველოს მოქალაქეობის არმქონეა და არ ფლობს ბინადრობის მოწმობას, რაც ცალსახად არ შეიძლება სამედიცინო პროგრამაში მის ჩასმაზე, უარის თქმის საფუძველი გახდეს.
ამასთანავე, მართალია, მელიქიანი მოქალაქეობის არმქონე პირია, თუმცა ის საქართველოშია დაბადებული და აქვს საქართველოში გაცემული დაბადების მოწმობა.
გარდა ამისა, კანონით "პაციენტის უფლებების შესახებ" მე-11 მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობა ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით, ხოლო მე-12 მუხლის თანახმად, სახელწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.
უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტი დადგენილება #92 მეორე მუხლის თანახმად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
მიუხედავად, გარიკ მელიქიანის არაერთგზის მიმართვისა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი, საქართველოს პარლამენტისადმი და სახალხო დამცველისადმი დღემდე მის განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, დღითიდღე უარესდება და შესაძლებლია გამოიწვიოს მისი გარდაცვალება, თუკი, მას დროულად და დაუყოვნებილ არ ჩაუტარდება ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა.
ამასთანავე, მისი დაავადების ინფექციური ხასიათიდან გამომდინარე ის საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც. ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მიმართავს შესაბამის ორგანოებს მოახდინონ დაუყოვნებელი რეაგირება და უზრუნველყონ გარიკ მელიქიანის ჩართვა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.