რუსეთის დუმამ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ოქმის რატიფიკაცია მოახდინა. სახელობითი კენჭისყრის დროს რატიფიკაციას მხარი მხოლოდ ფრაქცია "ედინაია როსიას" წარმომადგენლებმა დაუჭირეს. ყველა დანარჩენი ფრაქციის წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ყოველივე ამას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის ამ ორგანიზაციის შესაძლო წევრობის შესახებ 18-წლიანი მოლაპარაკება. ამ დოკუმენტის რატიფიკაციიდან 30 დღის შემდეგ რუსეთის ფედერაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ოფიციალური ოქმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ეხებოდა, ჟენევაში მინისტრების კონფერენციაზე 2011 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ დიდი წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციას "ვმო"-ში გაწევრიანების გზაზე საქართველომ შეუქმნა. საქართველოს მთავრობა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების ფარგლებში რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას ითხოვდა, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი არალეგალური საბაჟო-გამშვები პუნქტის _ "განთიადი-ადლერისა" და "როკი-ქვემო ზარამაგის" _ ლეგალიზაციას და გამართულ ფუნქციონირებას.
ფორმალურად მოსკოვმა და თბილისმა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კარგა ხნის წინ დაასრულეს. თბილისმა ხელიც კი მოაწერა ხელშეკრულებას უთანხმოების არარსებობის შესახებ, რაც მისგან, ფაქტობრივად, ოფიციალურ თანხმობასა და მოსკოვისთვის ვმო-სკენ მიმავალ გზაზე მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგ საქართველომ ხელმოწერა გამოითხოვა და თავისი პირობები წამოაყენა, რომლის შესრულების გარეშეც, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.
გარეგნულად ოფიციალურ მოსკოვს თბილისის პოზიცია არ აშინებდა და ამ საკითხთან დაკავშირებით გამუდმებით მოლაპარაკებათა პროცესში იმყოფებოდა.
ბოლოს, 2011 წლის 26 ოქტომბერს, ქართული მხარე შვეიცარიელი შუამავლების მიერ წამოყენებულ წინადადებას დასთანხმდა, რომლის მიღების შემთხვევაში, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდებოდა. "წინადადება გულისხმობს სპეციალური მექანიზმის შექმნას, რომელიც, თავის მხრივ, გააკონტროლებს ტვირთების გადაადგილებასა და მიმოქცევას იმ დერეფნებში, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის გამაერთიანებელი ტერიტორიების საზღვრებზე მდებარეობს", _ აცხადებდა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაპანაძე. მისი თქმით, თავის მხრივ, ეს მექანიზმი ორი კომპონენტისგან შედგება.
"ეს იქნება საერთაშორისო მონიტორინგი და საერთაშორისო მონიტორების მიერ ტვირთების მონიტორინგის გაკონტროლება ელექტრონულ რეჟიმში. აღნიშნული შეთანხმება ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. ამჯერად უკვე ბურთი რუსეთის მოედანზეა და ჯერი მასზეა", _ აცხადებს კაპანაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ვმო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს.
ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო მისი ძირითი პრინციპებია: შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა; ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე.წ. "მიბმა". - ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის "უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის" მინიჭებას; ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისთვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია. 1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს.
2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.