ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებას მორიგი თავსატეხი გაუჩინა. სს "ქართუ ჯგუფისა" და სს "პროგრეს ბანკის" წილის შეძენით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ეს გარემოება ორი რამის ვარაუდის საფუძველს იძლევა - საბოლოდ ან ხელისუფლებას სურს თავად გახდეს ამ ქონების მეპატრონე პირდაპირ ან "შემოვლითი გზებით" ისევ ინვესტორის მიერ გამოხატული ნების საფუძველზე, ან კიდევ ჩიხში შესული გამოსავლის ძებნაშია.
აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. ვისი ქონება გაიტანა აუქციონზე აღსრულების ბიურომ? როგორც ,,ქართუ ჯგუფის" უცხოელი აქციონერების ინტერესების დამცველი პაატა კიკნაველიძე აცხადებს, ჯგუფს 16 უცხოელი აქციონერი ჰყავს.
გაურკვევლობას ქმნის ერთი გარემოებაც. კიკნაველიძის განცხადებით, "2012 წლის 30 აპრილს განხორციელებული გარიგებების შედეგად არც ერთი აქციონერი არ ფლობს 10% -ზე მეტ აქციებს სს ,,ქართუ ჯგუფში". უცნაურობის სფეროს შეიძლება მივაწეროთ თუ ამ გარიგების შესახებ ხელისუფლებისთვის ცნობილი არ იყო და ის "ივანიშვილის ქონების" გასხვისებით, ფაქტობრივად უცხოელ ინვესტორებს ართმევს ქონებას.
ეს ფაქტი, რომ შესაძლოა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს ამას დიდი განსჯა არ სჭირდება.
დამაბნეველია საკითხთან დაკავშირებით საქრთვეელოს ეროვნული ბანკის კომენტარიც, რომელიც აცხადებს, რომ "იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ ბანკი „ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრე, ნაცვლად ბიძინა ივანიშვილისა, ამჯერად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 6 კომპანია გახდა".
"კანონმდებლობის თანამხმად, მსგავსი ცვლილებების შემთხვევაში აუცილებელია ეროვნული ბანკის თანხმობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც მნიშვნელოვანი წილის შემძენს, არც გამსხვისებელს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, კანონის მიხედვით, გარიგება იმპერატიულად ითვლება ბათილად", - აცხადებს ეროვნული ბანკი.
აქვე ჩნდება კითხვა, 30 აპრილის შემდეგ რას აკეთებდა ეროვნულ ბანკი, რომელსაც უკვე თვეებია საკუთარი წარმომადგენლები "ქართუ" ბანკში "უზის"?
ეროვნული ბანკი აცხადებს რომ 30 აპრილის გარიგება ბათილიაო, მაგრამ ადვოკატი კიკნაველიძე ამტკიცებს, რომ ,,სს ,,ქართუ ჯგუფი" კომერციული ბანკი არ არის, შესაბამისად იგი კომერციული ბანკებისთვის გათვალისწინებული კანონის სუბიექტი არ არის".
უფრო მეტიც, მისი თქმით, კომერციულ ბანკში მნიშვნელოვანი წილი ეს არის აქციები, რომლთა ოდენობა 10%-ს აღემატება.
"ამ შემთხვევაში ,,ქართუ ბანკის" აქციების შეძენა, არც გასხვისება არ განხორციელებულა. სს ,,ქართუ ჯგუფის" არ არის კომერციული ბანკი, იგი არ არის კომერციული ბანკებისთვის გათვალისწინებული კანონის სუბიექტი, შესაბამისად მისი აქციების გასხვისებაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება", აცხადებს ,,ქართუ ჯგუფის" უცხოელი აქციონერების ინტერესების დამცველ პაატა კიკნაველიძე.
როგორც ცნობილია, აღსრულების ეროვნული ბიური ბიძინა ივანიშვილის "ქონებას", კერძოდ სს ,,ქართუ ჯგუფის" აქციათა 100% -ს და სს ,,პროგრეს ბანკში" აქციათა 21,71450%-ის გასხვისებას დღეისთვის დაგეგმილ აუქციონზე გეგმავს.
სს "ქართუ ჯგუფის" საწყისი ღირებულება 75 მლნ 940 ათას 330,50 ლარია და ვაჭრობა 18:00 საათზე შეწყდება, ხოლო რაც შეეხება "პროგრეს ბანკის" წილს მისი საწყისი ღირებულება 1 მლნ 783 ათას 249 ლარია და ვაჭრობა ოფიციალურად 19:00 საათზე შეწყდება.