პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა იორდანის დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ავტონომიის ყოფილი ლიდერის იასირ არაფატის ცხედრის ექსჰუმაციისა და მისი გარდაცვალების მიზეზების დადგენისათვის შვეიცარიელი ექსპერტების მოწვევის განკარგულება გასცა. ეს განცხადება მოლაპარაკებებში პალესტინის მთავრობის წარმომადგენელმა საიდ ორეიკატმა გააკეთა.
"პრეზიდენტმა აბასმა გასცა განკარგულება დაუყოვნებლივ დავუკავშირდეთ ექსპერტებს შვეიცარიული ინსტიტუტიდან, რომლებმაც გარდაცვლილი პრეზიდენტის იასირ არაფატის პირადი ნივთების ანალიზი ჩაატარეს და დაგვავალა რაც შეიძლება მალე მოგვეწვია ისინი, იმისათვის რათა მათ, პრეზიდენტ არაფატის ცხედრის ექსჰუმაცია ჩაატარონ და მისი გარდაცვალების მიზეზები დაადგინონ", _ განაცხადა საიდ ორეიკატმა.
ამ გამოძიების ჩატარება პალესტინის მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ კვირას ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ არაფატის პირად ნივთებზე რეაქტიული ნივთიერება პოლონიუმ-210- ის კვალი აღმოჩნდა. ჟურნალისტების თხოვნით ანალიზი შვეიცარიის ქალაქ ლოზანას რადიოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა გააკეთეს.
იასირ არაფატი, რომელიც 2004 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, დასავლეთ სანაპიროს ადმინისტრაციულ ცენტრში, პრეზიდენტის სასახლის გვერდითა, რამალაშია დაკრძალული.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია არაფატის პოლონიუმით შესაძლო მოწამვლის შესახებ, კომენტარი ამასთან დაკავშირებით, რუსეთის დუმის დეპუტატმა, "ეფ-ეს-ბეს" ყოფილმა თანამშრომელმა ანდრეი ლუგოვოიმ გააკეთა, რომელსაც ბრიტანეთის ხელისუფლება ამავე ნივთიერებით რუსეთის ფედერალური უსართხოების ასევე ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობას აბრალებს. ლუგოვოიმ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, იასირ არაფატისა და ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა ერთმანეთთან კავშირში იყოს.
"თუ დადასტურდება, რომ პალესტინი ყოფილი ლიდერი იასირ არაფატი პოლონიუმით არის მოწამლული, აუცილებელი იქნება საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, სადაც 2006 წელს ლონდონში გარდაცვლილი "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილიც იქნება გათვალისწინებული. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, პოლონიუმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია",_ განაცხადა ლუგოვოიმ.
მისი თქმით, ასევე საინტერესოა თავად მოვლენების ფაქტი - "არაფატი 2004 წლის ნოემბერში მოკვდა, ლიტვინენკო კი - 2006 წლის ნოემბერში".