საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამზადებს ახალ კანონს, რომელიც სომხების გენოციდის უარყოფის გამო პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
ამგვარი კანონის მომზადება, საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იყო ერთ-ერთი წინასაარჩენო დაპირება ფრანსუა ოლანდისა, რომლის შესრულებასაც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვრის ბოლოს საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი კანონით აღიარებული გენოციდების და მათ შორის სომხების გენოციდის უარყოფის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პაასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. დოკუმენტი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან 45 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ ეს კანონი არაკონსტიტუციურად ჩათვალა, ვინაიდან ის "სიტყვისა და კომუნიკაციების თავისუფლებას ემუქრება". ამის მიუხედავად, საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ამ პროექტის ინიციატორია, მთავრობას კანონის ახალი ტექსტის შემუშავება დაავალა.