12 ივლისამდე საქართველოში ვიზიტად იმყოფება მოლდოვას დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ ფილტას ხელმძღვანელობით. მოლდოვა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ორივე ქვეყანა, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე სახელმწიფო, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესში.
მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მიზანია, მხარეებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის განხილვა, ასევე საქართველოში განხორციელებული რეფორების გაცნობა, ქართული გამოცდილებისა და სიხალეების გაზიარება.
ორ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ბევრ სხვა სფეროსთან ერთად მოიცავს პარტნიორობას საგადასახადო და საბაჟო კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაფორმდა შეთანხმება „საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ". შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა იური ლიანკამ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, შეთანხმება გაამარტივებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას. აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 34 მლნ აშშ დოლარზე მეტი.
"ეკონომიკური თანამშრომლობა, ინვესტიციები, ვაჭრობა - ეს არის სამი პრიორიტეტი ჩვენი და მოლდოვას შორის ურთიერთობებში. ხელშეკრულება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პირდაპირ ემსახურება ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ხელშეკრულება, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების წახალისებას. ზოგადად ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან საკმაოდ დინამიურად ვითარდება, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. არსებობს თანხვედრა პრიორიტეტების - საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების, საგარეო-ეკონომიკური პრიორიტეტების"- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ.
შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუწიონ ურთიერთდახმარება საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეთანხმება ასევე საშუალებას მისცემს მხარეებს ერთმანეთს მიაწოდონ საბაჟო ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საგადსახადო-საბაჟო ადმინისტრირების გამარტივებას. „საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ"გაფორმებული შეთანხმებამოქნილი და მარტივი ადმინისტრირების საწინდარია, შესაბამისად მეტი სარგებელია ბიზნესისთვის და ხალხისთვის.