კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის ძმამ განაცხადა, რომ მარკესი, შესაძლოა, გონებასუსტობით იყოს დაავადებული. ჰაიმე გარსია მარკესმა ეს განცხადება კარტაჰენის უნივერსიტეტში ლექციის კითხვის დროს სტუდენტებთან გააკეთა. მისი თქმით, 1982 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ურეკავს მას, იმისათვის, რომ ელემენტარული რამ ჰკითხოს.
"მას მეხსიერების პრობლემები აქვს. ხანდახან ვტირი, ვინაიდან ვგრძნობ რომ მას ვკარგავ", _ განაცხადა ჰაიმე გარსია მარკესმა. ჰაიმე გახდა პირველი ოჯახის წევრი 85 წლის მწერლისა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ მის ძმას მეხსირების პრობლემები აქვს.
"ბი-ბი-სი" ასევე აღნიშნავს, რომ იმის შესახებ, რომ გაბრიელ გარსია მარკესს მეხსიერებასთან პრობლემები აქვს ხმები ადრეც დადიოდა, თუმცა ამას არავინ ადასტურებდა.
როგორც მარკესის ძმამ განაცხადა, მას მეტი არ ძალუძს თავი აარიდოს ძმის დაავადებაზე საუბარს.
"ფიზიკურად ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა გონებასუსტობით იტანჯება უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ის დღემდე მხიარულია და ენთუზიაზმით სავსე", _ განაცხადა გაბრიელ გარსია მარკესის ძმამ.
ამჟამად, გაბრიელ გარსია მარკესი მექსიკაში ცხოვრობს და ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.
ჰაიმე ასევე აცხადებს, რომ "სიყვარული ქოლერის სახელით" შემდეგ წერა შეწყვიტა. ხოლო მარკესის გამომცემელი აცხადებს, რომ 2010 წელს პროზაიკოსმა დაასრულა მუშაობა რომანზე სახელწოდებით "შეხვედრამდე აგვისტოში", თუმცა ამ წიგნის გამოცემის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.