დღეს, ფესტივალი „არტ-გენი 2012"-ის მესამე რეგიონალურ ტურს იმერეთი, კერძოდ კი წყალტუბოს ცენტრალური პარკი უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება იმერეთის ( წყალტუბოს, ქუთაისის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის და სხვა ქალაქებისა და რაიონების) ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, რეწვა და ზეპირსიტყვაობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, წყალტუბოს შემდეგ რეგიონალური ტური ჩოხატაურში გადაინაცვლებს (10ივლისი) და 12 ივლისს ფოთში, მალთაყვას ტყე-პარკში დასრულდება.
21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით „არტ-გენი"-ს შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს" , რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
ფესტივალი არტ-გენი უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება ჯგუფი "არტ-გენი"-ის ორგანიზებით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.