ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობიდან 9 თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ლიბიის პარლამენტში 200 ადგილისათვის 3000 ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
80 მანდატი პოლიტიკურ პარტიებს ერგებათ ხოლო 120 ადგილს დამოუკიდებელი სახალხო დეპუტატები დაიკავებენ.
არჩევნები ქვეყნის დასავლეთში პოლიტიკური არეულობის ფონზე მიმდინარეობს. გუშინ ქალაქ ბენღაზისთან დაცხრილეს ვერტმფრენი, რომელსაც საარჩევბო ბიულეტენები გადაჰქონდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მუამარ კადაფის მმართველობის 42 წლის განმავლობაში ლიბიაში პოლიტიკური დაჯგუფებები კანონგარეშედ იყო გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის თებერვლის დასაწყისში ლიბიაში მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით არეულობა და დემონსტრაციები დაიწყო. მუამარ კადაფი გასული წლის 20 ოქტომბერს ქალაქ სირტის მიდამოებში ტყვედ ჩავარდა, რის შემდეგაც იგი ამბოხებულებმა წამებით მოკლეს.