ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ორი თვის წინ გარდაცვლილი პატიმრის 47 წლის გიორგი ლ-შვილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ის ელექტროშოკით იყო ნაწამები, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. გიორგი ლ-შვილს ნარკოტიკული დანაშაულისთვის 28 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სასჯელს ის 2007 წლიდან იხდიდა. პატიმარი თავს დამნაშავედ არ სცნობდა და განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.
გარდაცვლილის მეგობრების თქმით, მათ გიორგის თანამესაკნეებმა აცნობეს, რომ ვიდრე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია გიორგი ლ-შვილისგან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის უკან გამოთხოვას ითხოვდა, რის გამოც პატიმარზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახდენდნენ.
„ვიდრე დაიღუპებოდა, საპყრობილიდან რამდენიმე თვით ადრე სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. კაცი ციხეში აბსოლუტურად ჯანმრთელი შევიდა და იქ დაავადდა. სამედიცინო დაწესებულებაში გამოჯანმრთელდა და უკეთესად იყო. გვეუბნებოდა, ციხეში თუ დამაბრუნეს, ცოცხალს ვეღარ მნახავთ და რამე გააკეთეთო. ბოლოს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ცხედარი რომ ჩამოასვენეს, სხეულზე ნაჭდევები და შავი წერტილები ჰქონდა. ვინც ნახა და იცის, გვითხრეს, რომ ელექტროშოკით წამების კვალიაო. თავიდან ექსპერტიზის ჩატარება გადავწყვიტეთ, მაგრამ ოჯახის წევრებმა საბოლოოდ უარი თქვეს. როგორც ვიცით, მათზეც ზეწოლა განხორციელდა", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეგობრებმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი გარდაცვლილის მეუღლეს, შვილს და ძმასაც დაუკავშირდა. მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ არაფერს არ ასაჩივრებენ და პრეტენზია არ აქვთ.
პატიმარ გიორგი ლ-შვილის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროშიც.
საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემების მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში 653 პატიმარი გარდაიცვალა. 2006 წელს - 89; 2007 წელს - 101, 2008 წელს - 90; 2009 წელს - 91, 2010 წელს - 142; 2011 წელს 140.
ლონდონში არსებული ორგანიზაციიის International Centre for Prison Studies-ის მონაცემებით, 2003 წელს, 100,000 მოსახლეზე 148 პატიმრის მაჩვენებლით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა 155 სახელმწიფოს შორის. 2012 წლისთვის კი 539 პატიმრით 100 000 მოსახლეზე საქართველო უკვე მე-4 ადგილზეა 216 ქვეყანას შორის. ამ მხრივ, საქართველომ უკვე გაუსწრო მე-6 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელიც მანამდე მესამე ადგილს იკავებდა.