"ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი იმ ხალხის მიმართ, რომელსაც უნდა კორუფციული, კრიმინალური სისტემის აღდგენა, ვისაც უნდა პოლიციაში ძველი ნაგვის დაბრუნება. ის ხალხი რასაც განასახიერებდა, ჩემთვის ნაგავი იყო", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა შსს სამინისტროში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ ქართული პოლიცია დეპოლიტიზებულია.
"პოლიცია არის დეპოლიტიზებული სტრუქტურა: ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანს - მე და თქვენ - უნდა იცავდეს თანასწორად. ყველას მიმართ უნდა იყოს ერთი კრიტერიუმი, ყველას მიმართ უნდა იყოს ერთნაირი ობიექტური დამოკიდებულება, მაგრამ ვერ ვიქნებით გულგრილი იმ ხალხის მიმართ, რომელსაც უნდა კორუფციული კრიმინალური სისტემის აღდგენა", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ სამინისტროებში ოჯახური სისტემის შექმნას ხელისუფლება არ დაუშვებს.
"ახალაიას ძმას მოუხდება სტრუქტურის დატოვება და უკვე მოუხდა. ეს იწვევს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს და ეს გარდაუვალია. ჩვენ ვერ შევქმნით რაღაც ოჯახურ ჯგუფებს სამინისტროებს შიგნით. ეს ყველას კარგად გვაქვს ათვისებული. ეს არც იყო და გარეგნულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ბუნებრივია, ასეა, თორემ, რა თქმა უნდა, ისინი ყველა დამოუკიდებელი ფიგურები არიან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც არის დაწყებული და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. საქართველოში ვერასდროს ვერ უნდა დაბრუნდეს კრიმინალი, ვეღარასდროს ვერ უნდა დაბრუნდეს კორუფცია. როგორც არ უნდა უნდოდეთ ეს საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და ჩვენს ოპონენტებს", _ განაცხადა სააკაშვილმა.