ხვალ, 5 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართება ქართველი პიანისტის, ჯულიარდის სკოლის წარმატებული მოსწავლის, დავით ალადაშვილის კონცერტი. კონცერტი იმართება სამინისტროს პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს პროფესიონალი მუსიკოსების მასტერკლასების ორგანიზებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მუსიკოსმა უკვე ჩაატარა მასტერკლასები თელავში, რუსთავსა და გორში. მასტერკლასებში მონაწილე თხუთმეტივე მოსწავლე კულტურის სამინისტროში საპატიო სიგელით დაჯილდოვდება.
პროექტის მიზანია რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ წარმატებული ცნობილი ქართველი მუსიკოსების ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტის ფარგლებში მუსიკოსები კონცერტების გარდა, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროსა და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ეგიდით.
დავით ალადაშვილი 1990 წელს დაიბადა თბილისში. 11 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, 15 წლის ასაკში კი ჩააბარა სამუსიკო სასწავლებელში. 2007 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში და სწავლა განაგრძო ჯულიარდის სკოლის წინამოსამზადებელ კოლეჯში. ალადაშვილმა გაიარა მასტერკლასები ისეთ პროფესორებთან, როგორებიც არიან: კარლ ჰეინზ კემერლინგი,დიმიტრი ბაშკიროვი, ალექსანდრე ბანდურიანსკი, ალექსანდრე კორსანტია და ა.შ. პიანისტს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფესტივალში, ვლადიმერ ნილსენის საფორტეპიანო ფესტივალით დაწყებული, (რომელიც ნიუ-იორკში 2008-2009 წლებში გაიმართა), ავსტრიის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიით დამთავრებული.
კონკურსები და ჯილდოები: 2001 წ. - თბილისის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია; 2005 წ. მოსკოვის ვლადიმერ სპიკანოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი; 2006 წ. პარიზის ნიკოლაი რუბენშტეინის საფორტეპიანო კონკურსის გრანპრი; ადრეულ ასაკში მიიღო საპრეზიდენტო სტიპენდია და დღეს ჯულიარდის სტიპენდიანტია.
2010 წლის თებერვალში დავით ალადაშვილმა სოლო პარტია შეასრულა კარნეგი ჰოლში, ნიკა რაჭველის და საქართველოს ნაციონალური ორკესტრის თანხლებით. 2010 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო ლინკოლნ ცენტრში „თეთრი შუქის ფესტივალზე". 2011 წლის მარტში დავით ალადაშვილმა გამართა საკონცერტო ტურნე ჰიუსტონსა და თბილისში.