„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი დღეს პარტიის ბათუმის ოფისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მაგდა ანიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ყველა ის ინიციატივა და ჯანდაცვის პროგრამა გააცნო, რომელიც "ქრისტიან დემოკრატებმა" ჯანდაცვის სფეროში შეიმუშავეს.
ანიკაშვილმა იმ შეღავათებზეც ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი საჭიროების მქონე პირებს ეკუთვნით. შეხვედრაზე მაგდა ანიკაშვილმა ქდმ- ს საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზეა საუბარი.
მაგდა ანიკაშვილის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესება ყოველთვის იყო "ქრისტიან-დემოკრატების" დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, იქნება ეს საპენსიო უზრუნველყოფა, ჯანდაცვისა თუ განათლების ხელმისაწვდომობა. მისივე განცხადებით აჭარაში მცხოვრები ადამიანებისთვის ამას ემატება მთელი რიგი პრობლემები ბიუროკრატიული აპარატის გამო. სრულიად მარტივი საკითხებისთვის მათ უწევთ დედაქალაქში ჩასვლა, რაც მათთვის ზედმეტ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული.
"დღეს ჩვენ გავეცანით ყველა კონკრეტული ადამიანის პრობლემას. ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალ დონეზე დავაყენოთ ეს საკითხები, რათა უახლოეს მომავალში შევძლოთ ამ ადამიანების პრობლემების გადაჭრა" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.