ხვალიდან, 3 ივნისიდან, იტალიის უმსხვილესი ავიაგადამზიდი Alitalia თბილისი-რომის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. Alitalia თბილისის საერთაშორისო აერპორტსა და რომის ფიუმიჩინოს აეროპორტს შორის ფრენებს, კვირაში ორჯერ, სამშაბათს და კვირას შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები თბილისიდან რომში, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე განხორციელდება. იტალიური ავიაკომპანია ფრენებს Airbus A320-ით შეასრულებს, მგზავრობას თბილისიდან რომში დაახლოებით 4 საათი დასჭირდება.
"მოხარული ვარ, რომ თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი უმსხვილესი და უძველესი ევროპული ავიაგადამზიდი Alitalia იფრენს. ის ფაქტი, რომ 2012 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4-მა ცნობილმა ავიაკომპანიამ დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო დღითიდღე უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება უცხოელი ტურისტებისა და ბიზნესმენებისათვის. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს უკვე აღარ მოუწევთ ტრანზიტული რეისებით სარგებლობა და ევროპის წამყვან ქალაქებში პირდაპირი რეისებით ჩაფრენას შეძლებენ", - განაცხადა "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.
იტალიის ნაციონალური ავიაგადამზიდი Alitalia, ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა იტალიაში და მე-19 მსოფლიოში. მისი თანამედროვე ავიაპარკი 146 თვითმფრინავისგან შედგება. Alitalia თავის შვილობილ ავიაკომპანია Air One-სთან ერთად 40 ქვეყანაში, 86 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. აქედან 27 ადგილობრივი, ხოლო 59 საერთაშორისო მიმართულებაა. 2010 წელს, Alitalia-მ ევროპის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო 2011 წელს მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების ხუთეულში შევიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Alitalia-ს პირველი რეისის ჩამოფრენასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც "ტავ ჯორჯიას" მენეჯმენტი, იტალიის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან. საღამოზე სპეციალად მოწვეული ბენდი, იტალიურ მელოდიებს შეასრულებს.
ავიაკომპანია Alitalia (Compagnia Aerea Italiana) იტალიის ნაციონალური ავიაგადამზიდია, რომლის სათაო ოფისი ფიუმიჩინოში მდებარეობს, მისი ჰაბი რომის, ლეონადრო და ვინჩის სახელობის აეროპორტია. Alitalia ყველაზე დიდი ავიაგადამზიდია მთელ იტალიაში და სიდიდით მე-19 მსოფლიოში. 2008 წელს ინვესტორთა ჯგუფმა შეიძინა გაკოტრებული Alitalia (ძველი Alitalia) და გააერთიანა ის, ავიაკომპანია Air One-თან. 2009 წლის 13 იანვარს განახლებულმა Alitalia-მ ფრენა დაიწყო. განახლებიდან 1 წლის განმავლობაში, ავიაკომპანიამ 22 მილიონი მგზავრი, ხოლო 2011 წელს 25 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. Alitalia თავის შვილობილ ავიაკომპანია Air One Smart Carrier-თან ერთად 40 ქვეყანაში, 86 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. აქედან 27 ადგილობრივი, ხოლო 59 საერთაშორისო მიმართულებაა. ავიაკომპანიის ჰაბი, რომში, ფიუმიჩინოს აეროპორტშია, ის რეისებს იტალიის სხვა 6 აეროპორტშიც ასრულებს. 2012 წლის ივნისის მონაცემებით, ალიტალიას ავიაპარკი 146 თანამედროვე თვითმფრინავისგან შედგება. 21 ახალი ავიაგადამზიდი კი კომპანიის შეკვეთით მზადდება.