2012 წლის პირველ ნახევარში საქართველო 1 მლნ 690 ათას 493 ვიზიტორმა მოინახულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ივნისში საქართველოს 390 ათას 808 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2011 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 72 %-ით მეტია და საგრძნობლად აღემატება გასული წლის ყველაზე აქტიურ - აგვისტოს მონაცემებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ, არსებული მონაცემები იძლევა იმის წინაპირობას, რომ წლევანდელი საკურორტო სეზონი "ცხელი" იქნება როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობებით 2012 წლის მე-6 თვეშიც ტრადიციისამებრ უშუალო და ახლო მეზობლები აქტიურობენ, მათგან გამოსარჩევია თურქეთისა (145%) და უკრაინის (56%) მოქალაქეები, რომელთა პროცენტული მაჩვენებლები ინტენსიურ ზრდას აფიქსირებენ არა მხოლოდ 2011 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან, არამედ წინა თვის ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაშიც (შესაბამისად +14% და +41%).
"მატება ფიქსირდება რუსეთის (+100%), სომხეთის (+35%) აზერბაიჯანის (+32%) და ირანის (+68%) კუთხითაც. ასევე, კვლავ ნარჩუნდება მნიშვნელოვანი მატება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, საიდანაც სტუმრების ჩამოსვლების რაოდენობამ, მაგალითისათვის, ივნისის თვეშიც გადააჭარბა უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებს. ცალკე აღსანიშნავია გამორჩეული აქტივობა პოლონეთის, ბელორუსიის, მოლდოვის და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, სადაც შესაბამისად 46%, 40%, 72% და 63%-იანი ზრდა აღინიშნა"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში.
ნიშანდობლივია, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად დაწესების შემდეგ, საქართველოში ამ ქვეყნიდან ვიზიტების როდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ტენდენციამ უკვე უწყვეტი ხასიათი მიიღო, რაც 2012 წლის ივნისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 პროცენტიან ზრდაში გამოისახა. ამასთან, მიმდინარე თვეში კიდევ უფრო გაიზარდა (85-დან 89 პროცენტამდე) ვიზების გაუქმების შემდეგ რუსეთიდან ვიზიტების გაშუალებული კუმულაციური ინდექსიც.