აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 14 %-ითაა გაზრდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-ივნისში რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 63,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ინვესტიციებთან შედარებით. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელის პირველ ნახევარში აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 56 მლნ დოლარი შეადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორი კვარტლის ჩათვლით, რეგიონში განხორციელებული ინვესტიციებიდან 55 %-ი ანუ, 35 მლნ დოლარი ადგილობრივ ინვესტორებზე, ხოლო 45 %-ი, (28,8 მლნ დოლარი) უცხოურ ინვესტიციებზე მოდის.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რეგიონში ყველაზე დიდ რაოდენობით ინვესტიცია მშენებლობის სექტორში განხორციელდა. 2012 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობის სექტორში განხორციელებულია 31,9 მლნ დოლარის ინვესტიცია. რაც შეეხება სხვა სექტორებს, ტურიზმის სექტორში 6 თვეში განხორციელებულია 28,5 მლნ დოლარის, სოფლის მეურნეობის სექტორში - 1,6 მლნ დოლარის, მრეწევლობაში - 1,3 მლნ დოლარის, სხვა დარგებში კი - 0,6 მლნ დოლარის ინვესტიცია.
აჭარის მთავრობის პროგნოზით, 2012 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელებული ინვესტიციები 169 მლნ დოლარი იქნება.