ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი, რომელმაც 2009 წლის ბიუჯეტის მონიტორინგზე მუშობა უკვე დაასრულა, 2010 წლის ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს პესიმისტურად აფასებს.
"2010 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომელიც დღეისათვის საქართველოში ჩამოყალიბდა. 2010 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას ამოსავალი წერტილი 2009 წლის მოსალოდნელი მშპ (როგორც ნომინალური, ისე რეალური) უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, 2009 წლის ეროვნული ანგარიშების ძირითად მაჩვენებლებს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი მხოლოდ 2010 წლის ნოემბერში გამოაქვეყნებს, მაგრამ გარკვეული გათვლებით ჩვენ შეგვიძლია მიახლოებით გამოვთვალოთ 2009 წლის მშპ-ს ნომინალური მოცულობა.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის განმავლობაში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3% შეადგინა, ხოლო ეკონომიკა 4%-ით დაეცა. ჩვენი ვარაუდით დაცემა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ სხვა რაიმე კონკრეტული მონაცემი არ გვაქვს, ამიტომ ამ მონაცემებს დავეყრდნობით", _ აცხადებს ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის დამფუძნებელი დავით ნარმანია.
ნარმანიას ინფორმაციით, 2008 წლის მშპ დაახლოებით 19,08 მლრდ ლარი იყო, სავარაუდოდ 2009 წლის მშპ 18,86 მლრდ. ლარი იქნება. თუმცა ანალიზი გვიჩვენებს, რომ დაცემა გაცილებით მეტი იყო. "სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის I კვარტალში საქართველოში შექმნილმა მშპ-მა - 3.9 მლრდ. ლარი, II კვარტალში - 4.3 მლრდ. ლარი, ხოლო III კვარტალში 4,6 მლრდ. ლარი შეადგინა და იმისათვის,რომ 2009 წელს მშპ-მ 18,86 მლრდ. ლარს მიაღწიოს, IV კვარტალში 6.15 მლრდ. ლარის მშპ უნდა იქნეს წარმოებული. რაც 2009 წლის პირველ სამ კვარტალში შექმნილი მშპ-ს საშუალო მაჩვენებელზე 1.45-ჯერ მეტია, ხოლო III კვარტალის მაჩვენებელზე 1,35-ჯერ მეტია. საინტერესო ისაა, რომ 6,2 მლრდ ლარი 2008 წლის IV კვარტალში შექმნილ ნომინალურ მშპ-ზე 18.6%-ით მეტია, ხოლო 2007 წლის IV კვარტალში შექმნილ ნომინალურ მშპ-ზე 24%-ით მეტია"- აცხადებს ნარმანია.
ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში განმარტავენ, რომ ასეთი ტემპებით საქართველოს ეკონომიკა არ გაზრდილა (თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წელს ინფლაცია მხოლოდ 3%-ია, 2009 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალი ყოფილა, რაც სამწუხაროდ არარეალურია).
თუ დავუშვებთ, რომ 2009 წლის IV კვარტალში ეკონომიკა იმავე დონეზე იყო, რაც 2008 წლის შესაბამის პერიოდში და ინფლაცია 3% იყო, მივიღებთ, რომ IV კვარტალში მშპ 5,3 მლრდ. ლარი იყო, ხოლო 2009 წლის წლიური მშპ 18 მლრდ. ლარია, ნაცვლად ოფიციალური წინასწარი 18,8 მლრდ. ლარისა, ანუ 2009 წელს ეკონომიკა დაახლოებით 6%-მდე შემცირდა. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი გათვლებია, და ცხადია 2010 წლის ბიუჯეტის შედგენისას ის არ იყო გათვალისწინებული.
"2009 წლის წინასწარი ოფიციალური შედეგების გათვალისწინებით, 2010 წლის პროგნოზებით ეკონომიკური ზრდა 2%, ხოლო ინფლაცია 6% იქნება. შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში 2010 წლის მშპ 20,4 მლრდ. ლარის მოცულობის იქნება.
ზრდისა და ინფლაციის იგივე პარამეტრების დაცვის შემთხვევაში, ჩვენი შეფასებით 2010 წლის ნომინალური მშპ 19,5 მლრდ. ლარი იქნება, ანუ ცდომილება დაახლოებით 900 მლნ. ლარია.
ეს გათვლები გვაფიქრებინებს, რომ 2010 წლის ბიუჯეტის შესრულებას სერიოზული პრობლემები შეექმნება, მით უფრო, რომ მისი შედგენისას მთავრობა მშპ-ს 21,4 მლრდ ლარის (დაახლოებით 2 მლრდ ლარით მეტი ვიდრე ჩვენი გათვლებითაა და დაახლოებით 1 მლრდ. ლარით მეტი, ვიდრე თავად მთავრობა გეგმავს დღეს) ოდენობით გეგმავდა (2010-2013 წლების ძირითადი მიმართულების დოკუმენტის მიხედვით)"- აცხადებს დავით ნარმანია.