ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს არ დაუდასტურებია, რომ ის საპარტნიორო ფონდ უხელმძღვანელებს, რომელიც მას საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა. ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გილაურმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ბოლო წლებში გამოცხადებული ნდობისთვის" , თუმცა შეთავაზებული პოსტისა და მომავალი გეგმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
"ბატონ პრეზიდენტს მინდა მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რაც მან გამოიჩინა ჩემს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში. დიდი მადლობა ყველას", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ივანე მერაბიშვილის დანიშვნის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერს ნიკა გილაურს ახალი თანამდებობა შესთავაზა.
„ნიკას იმის კეთება შევთავაზე, რაც მას ყველაზე კარგად ეხერხება, ესაა ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ახალი იდეების გენერირება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ხალხის აღმოჩენა ამ სფეროში და საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის შემდგომი ხელშეწყობა. ნიკა დარჩება ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან წევრად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ქმედითი ხელმძღვანელი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური მთავრობის ხელმძღვანელად 2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა. წლების განმავლობაში, მას ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობები ეკავა.