უმრავლესობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დანიშვნას მიესალმება. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პალიკო კუბლაშვილმა განმარტა, ორი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამტკიცებას ხელს უშლიდა, ეს იყო კორუფცია და კრიმინალი და სწორედ ამ მთავარი პრობლემების დაძლევაში უდიდესი როლი შეასრულა უკვე ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
„ამიტომ როდესაც დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ და კიდევ უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგას დასაქმებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - ეს საკადრო გადაადგილება მეტად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს იმ ძირითადი პრობლემების მოსაგვარებლად რაც ჩვენს ქვეყანაშია", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტი, შსს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაიკავა. რაც შეეხება უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს მას პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეთის შემადგენლობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.